მას ორი მძიმე ოპერაცია ჩაუტარდა.
უბედურ შემთხვევას განათლების მინისტრის, თამარ სანიკიძის მრჩეველი, ოთარ აბესაძე შეესწრო, რომელიც იმ მომენტისთვის ტელეკომპანია "მაესტროს" შენობიდან გამოდიოდა. როცა მანქანის დაჯახების ხმა გაიგო, ძირს დავარდნილი ადამიანის დასახმარებლად ერთ-ერთი პირველი მივიდა. ოთარ აბესაძემ მომხდარის დეტალები "სარკეს" უამბო:
- დაახლოებით ღამის 11 საათიდან 12-ის ნახევრამდე შუალედი იქნებოდა. შეჯახების მომენტი არ დამინახავს, მანქანის დამუხრუჭების ხმა გავიგონე და დავინახე, შეჯახების შედეგად ადამიანი ძირს რომ დავარდა. მანქანა გავაჩერე და შევეცადე, პირველადი დახმარება გამეწია. იმ მომენტში არც ვიცოდი, ვინ იყო. ჩემი ჭკუით რაც მოვიფიქრე, ის დახმარება აღმოვუჩინე.
- როცა გიორგისთან მიხვედით, გონზე იყო?
- კი, გონზე იყო, ადგომას ცდილობდა. თავი ჰქონდა დარტყმული, სისხლი სდიოდა. ვცდილობდი, ფეხზე არ ამდგარიყო და მისი ხელები გამეჩერებინა, არ ემოძრავებინა. რაღაცები მეც არ მახსოვს, რადგან შოკში ვიყავი. ყველაზე მძიმე დაზიანება ფეხზე ჰქონდა. საკაცეზე რომ გადავიყვანეთ, ჯერ ის დავაწვინეთ და მერე ხელში ავიღე მისი ფეხი და დავდე, მხოლოდ კანს ეკავა. გიორგის, გულის და ტვინის გარდა, თითქმის ყველა ორგანო დაზიანებული აქვს. ნაწლავები დახეთქილი ჰქონია და საკმაოდ მძიმე ოპერაცია ჩაუტარდა. ჯანმრთელი ბიჭია, კარგი იმუნიტეტი აქვს და იმედი გვაქვს, რომ ყველაფერს მოერევა. რაც ადამიანის ძალებსა და შესაძლებლობებზეა დამოკიდებული, ექიმები ყველაფერს აკეთებენ.
ეკა ლემონჯავა
ჟურნალი "სარკე"
მასალის გამოყენების პირობები






