საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა გიორგი კვესიტაძემ წარდგენილი ინიციატივა გააპროტესტა. აკადემიკოსები მიიჩნევენ, რომ კიღურაძე აკადემიას ებრძვის. ამის შესახებ კომენტარი „ნიუპოსტთან“ საუბრისას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ყოფილმა მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა გააკეთა:
„ამ კანონპროექტის ამოცანა არის ძალიან მარტივი, არსებული პრეზიდენტის მოშორება და გადაყენება და აკადემიაში თავისი ხალხის შეყვანა, რომლებიც გააკონტროლებენ ფინანსურ რესურსებს. ეს არის კლანური დაპირისპირების კიდევ ერთი კლასიკური ნიმუში, რომელიც ახლა ხელისუფლებაში არსებობს. ეს არის იგივე, რაც ხდებოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, არსებული პრეზიდენტი არის არჩეული ამ ხელისუფლების პერიოდში, მაგრამ მის მიმართ სხვა სამთავრობო დაჯგუფებას აქვს პრეტენზიები. ასეთი კანონმდებლობით ცდილობენ მოიშორონ აკადემიიდან არჩეული პრეზიდენტი.
ბევრ ადამიანს მთავრობაშიც და აკადემიაშიც სურს, რომ ოქტმბრის არჩევნების შემდეგ გაინაღდონ თავისი მომავალი. ნებისმიერ ადამიანს ძალიან კარგად ესმის, რომ ასაკობრივი ცენზის შემოღება აკადემიაში არის ნონსენსი, რადგან აკადემია არ არის კლასიკური აღმასრულებელი ხელისუფლების შტო, ის არის უფრო სათათბრო-საკონსულტაციო ორგანო, რომლის ამოცანაც არის მეცნიერული განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავება და მის განხორციელებაში ხელისუფლების მხრიდან მხარდაჭერა.
მსურს შევახსენო პარლამენტარებს, რომლებიც ამ კანონპროექტზე მუშაობენ, რომ მეცნიერების აკადემიის პრეზიდენტის სამუშაო გრაფიკი არ არის უფრო ნაკლებად დაძაბული, ვიდრე დეპუტატის, მაგრამ პარლამენტის წევრებს ასაკობრივი შეზღუდვის ზედა ზღვარი არ აქვთ. ერთადერთი მიზანი არის არსებული პრეზიდენტის გადაყენება და საკუთარი ხალხის შეყვანა“, - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა „ნიუპოსტთან“ საუბრისას.
მასალის გამოყენების პირობები






