გასულ კვირას სამართალდამცავებმა უმძიმესი დანაშაული გახსნეს. ცნობილი გახდა დედა-შვილის გურამ და ნატო კვეზერელების მკვლელობის დეტალები. ცნობილია დამნაშავეთა ვინაობაც, დედა-შვილის მკვლელობა სისრულეში გიორგი ყუფარაძემ და ვასილ გოშაძემ მოიყვანეს.
გიორგი ყუფარაძეს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, რადგან იგი საქართველოში არ იმყოფება, ვასილ გოშაძე კი სასჯელს იხდის - მას ნარკოტიკის რეალიზაციის ბრალდებით 15 წელი აქვს მისჯილი. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დედა-შვილის მკვლელობა სწორედ გოშაძის ჩვენების საფუძველზე გაიხსნა. აღნიშნული დანაშაულის შესახებ და გიორგი ყუფარაძის სხვადასხვა მკვლელობებში მონაწილეობაზე „კვირის პალიტრა“ წერს:
„ყუფარაძე და გოშაძე არაერთ უმძიმეს დანაშაულში იყვნენ ბრალდებულნი. ორივე ყოფილი დეპუტატის, ლაერტ ზუბადალაშვილის შვილის მკვლელობის საქმეში ფიგურირებს. ზურაბ ზუბადალაშვილი 2003 წელს საკუთარ სახლში მოკლეს. დანაშაული წლების განმავლობაში გაუხსნელი იყო. მერე გაირკვა, რომ ზურაბის მკვლელობა სიმამრმა დაუკვეთა. საქმეში ფიგურირებდა მოკლულის მეუღლეც, რომელიც დანაშაულის დაფარვისთვის პასუხისგებაში მიეცა, თუმცა ციხეში არ ჩაუსვამთ. როცა გიორგი ყუფარაძე, ვასილ გოშაძე, როლანდ დიღმელაშვილი და თეიმურაზ შარაშენიძე მკვლელობაში ამხილეს, ყუფარაძე უკვე ციხეში იყო - უმძიმესი დანაშაულისთვის 25 წელი ჰქონდა მისჯილი. 2008 წელს სვანეთის უბანში განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში ადანაშაულებდნენ. ყუფარაძემ და მისმა თანამზრახველმა აზერბაიჯანის მოქალაქე ძმები მოკლეს. აქაც ხელწერა იგივეა - ცხედრები ნაქირავები ბინის ეზოში ჩააბეტონეს. მაშინ ყუფარაძემ გარიგება შესტავაზა პროკურატურას, აღიარა სხვა დანაშაული, სანაცვლოდ კი საპროცესო გაუფორმდა.
გთავაზობთ ფრაგმენტს გიოგი ყუფარაძის ჩვენებიდან, სადაც ის ზუბადალაშვილის მკვლელობის დეტალებს ამხელს:
„როლანდ დიღმელაშვილმა მითხრა, რომ ჩემთვის უცნობი პირი უკვეთდა ნარკომანი სიძის მკვლელობას. მას წინასწარ აღებული ჰქონდა 2 000 დოლარი.
შემკვეთი იყო ლევან ჩაჩუა, უნდა მომეკლა ზურაბ ზუბადალაშვილი. გეგმაც შედგა. რევაზის ქალიშვილი გაგვიღებდა კარს და თავზე დავადგებოდით მძინარე ზურაბს...“
2003 წლის 23 ივლისს ყუფარაძემ ზუბადალაშვილი ვერ მოკლა. როცა ბინაში შევიდნენ, ზურას არ ეძინა და ტელევიზორს უყურებდა. კილერებმა მისი მოკვლა მაინც სცადეს, მაგრამ იარაღმა უმტყუნათ... დაქირავებულმა მკვლელებმა რამდენიმე თვეში მაინც შეასრულეს შეკვეთა და ზუბადალაშვილი მოკლეს, თუმცა ამჯერად შემსრულებელი შეიცვალა. საქმიდან ყუფარაძე გავიდა და წინასწარ აღებული 900 დოლარი უკან დააბრუნა... ყუფარაძემ კმვლელობაში თემურ შარაშენიძე ამხილა, პოლიციას ეს დანაშაული გაახსნევინა და საპროცესოც გაუფორმეს. ჯერ სასჯელი შეუმხირდა, შემდეგ ამნისტიაც შეეხო და 25-წლიანი პატიმრობა 2013 წელს თავისუფლებით შეეცვალა. ციხიდან გათავისუფლდა მისი მეგობარი ვასილ გიშაძეც. მას „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმის ბრალდებით 27 წელი ჰქონდა მისჯილი“, - წერს „კვირის პალიტრა“.
მასალის გამოყენების პირობები






