ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით, დღეიდან სამების საკათედრო ტაძართან 350 ძირი ქოთანში ჩარგული კოლხური ბზა გაიყიდება, ქოთანში ჩარგული ბზის ღირებულება სავარაუდოდ 5 ლარის ფარგლებში იქნება.
საქართველოს საპატრიარქოს ფონდი „გაამწვანე საქართველო“ ქაშუეთის ტაძართან, ბზის სახლში გახარების მსურველებს, 60-მდე ქოთანში ჩარგულ კოლხურ ბზას საჩუქრად გადასცემს.
როგორც, საქართველოს საპატრიარქოს ფონდის „გაამწვანე საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა გოჩა არონიშვილმა განაცხადა სამების საკათედრო ტაძართან დღეს „სართიჭალის სანერგე მეურნეობაში“ გამოყვანილი, ქოთანში ჩარგული 200 ძირი კოლხური ბზა გაიყიდება. ასევე, საპატრიარქოს ფონდი „გაამწვანე საქართველო“ ქოთანში ჩარგულ 150 ძირ კოლხურ ბზას გამოიტანს.
შეგახსენებთ, რომ მართლმადიდებელი ეკლესია ბზობის დღესასწაულს ხვალ აღნიშნავს. ბზობას ეკლესია მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას ზეიმობს. მორწმუნეები ამ დღეს ტაძრებში ბზის ტოტებით მიდიან, რომლებიც ეკლესიებში იკურთხება. მორწმუნეები ნაკურთხ ბზის ტოტებს მომავალ ბზობამდე სახლებში ინახავენ.
მასალის გამოყენების პირობები






