ტელეკომპანია „იმედის“ ყოფილი წამყვანი არხის ხელმძღვანელობას ზეწოლაში ადანაშაულებს, შალვა რამიშვილმა იმედიდან დათხოვნის რეალურ მიზეზად დირექტორის მითითებები და მასთან უთანხომება დაასახელა, მისი განცხადებით, გიორგი ბახტაძემ მას კონკრეტული რესპონდენტების გადაცემაში მიწვევა მოსთხოვა, გადაცემა ეთერში გასული წლის დეკემბერში გავიდა და სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებსა და მოსამართლე ლევან მურუსიძის საკითხს დაეთმო.
შალვა რამიშვილმა დღეს იმედის დირექტორთან სატელეფონო საუბრის ამონაწერები გაასაჯაროვა, ის ადვოკატთან ერთად ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლისთვის საჩივრის შეტანას პროკურატურაში გეგმავს.
„ამ „ვაიბერ“ მიმოწერიდან ძალიან კარგად ჩანს თუ როგორ ახორციელებს იმედის დირექტორი, გიორგი ბახტაძე ჩემზე ზეწოლას, როგორ ვიცავ მე თავს, როგორ არ მინდა მურუსიძის და ცნობილი მოსამართლეების მოწვევა, რადგან ვეუბნები, რომ ეს არის დადგმული სპექტაკლი და ეს გახდება აშკარა და არ მინდა ამაში მონაწილეობა. მე ვთავაზობ სხვადასხვა ვარიანტებს, მაგრამ ის დაბეჯითებით მეუბნება, რომ ეს უნდა გავაკეთო, მაძლევს მოსამართლეების სიას და მეუბნება, რომ დაუსვი რეალური ოპონენტები. მე ვეუბნები, რომ არ აქვთ კრიტუიკული კითხვა, შედგა ჩემი კომუნიკაცია ამ მოსამართლეებთან, ის პასუხობს, მითხარი რა გინდა და ექნებათ კრიტიკული კითხვა. ნათლად ჩანს რომ მას აქვს კომუნიკაცია ან მურუსიძესთან ან მოსამართლეებთან. რაც თავისთავად ფრიად უცნაური ფაქტია.
ამის შემდეგ მე ბახტაძეს კატეგორიულად ვუთხარი, რომ ასეთი რამ აღარ უნდა განმეორებულიყო, როცა მოვთხოვე პასუხი, მიპასუხა, რომ ეს იყო ტელეკომპანიის რეალური მმართველის და ეს გახლავთ არა ქალბატონი ინა და მისი ოჯახი, არამედ ირაკლი რუხაძის პირდაპირი ბრძანება და დავალება.
რამდენიმე დღეში ჩემთან მოდის ბახტაძე და მეუბნება, რომ მას აქვს ჩემი მაკომპრომიტირებელი აუდიო ჩანაწერი, რომელიც ჩაიწერა თათია სამხარაძემ, სადაც მე მასზე სექსუალურად ვძალადობ“, - განაცხადა შალვა რამიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ თათია სამხარეძემ, რომელიც ცნობილი იყო ფსევდონიმით ტასო ბარნოვა „ილო ბეროშვილის შოუ“ დატოვა, მოგვიანებით სამხარაძემ ტელეკომპანიიდან წასვლის მიზეზად შალვა რამიშვილის მხრიდან ზეწოლა დაასახელა და აღნიშნა, რომ მას გარკვეული ჩანაწერი ჰქონდა, რომელიც რამიშვილის მხრიდან მისთვის სექსუალური ურთიერთობის შეთავაზებას გულისხმობდა.
რამდენიმე დღეში რამიშვილმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო: მეგობრებო, "იმედთან" ჩემი საქმიანი ურთიერთობა დასრულდა!
დღეს იმ კომპანიამ რომელიც "იმედის" დაკვეთით ამზადებს "ილო ბეროშილის შოუს", "ერთხელ საქართველოში" , ეთერში ჯერ არ გასულ სერიალს "2 გოგოს" უზრუველყოფს ჩემს მონაწილეობას გადაცემა "პოლიტიკაში" "იმედისაგან მიიღო წერილი რომ ყველა ხელშეკრულება შეჩერებულია. მიზეზი ახსნილი არ არის.
შესაბამისად ამ პარასკევს მე ვერ წავიყვან თეონასთან ერთად "პოლიტიკას" . კვირას ვერ გავა "ილო ბეროშვილის შოუ" , ჩერდება გადაღების პროცესში მყოფი ახალი სერიალი.
ვაპირებ ვითარების გარკვევას“
დღეს კი შალვა რამიშვილმა ტელეკომპანიიდან წამოსვლის რეალურ მიზეზებზე ისაუბრა.
მასალის გამოყენების პირობები






