გურიაში ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში არსებულ ლომბარდში დაგირავებული ოქროს მეპატრონეები, კუთვნილი ძვირფასეულობის დაბრუნებას რამდენიმე თვეა უშედეგოდ ელოდებიან.
წინასწარი ინფორმაციით, ლომბარდში დაახლოებით 45 ადამიანს ჰქონდა ოქროულობა დაგირავებული , რომლის ჯამური ღირებულება 70 ათას ლარს შეადგენს.
როგორც, „გურიის მოამბეს“ დაზარალებულები უყვებიან, რამდენიმე თვეა ოქროს გამოსასყიდი თანხა გადახდილი აქვთ, თუმცა ძვირფასეულობის უკან გამოტანას და დაბრუნებას ვერ ახერხებენ. ის ვინც უკვე მოახერხა და კუთვნილი ნივთები უკან დაიბრუნა, ამბობს, რომ ოქროს ნაკეთობები დაზიანებულია.
რამდენიმე ადამიანი ხელშეკრულებაში არსებულ ხარვეზებზეც საუბრობს. ამბობენ, რომ ჩაბარებული ნივთი გრამობაში არ იწონებოდა და ძვირფასეულობების საერთო წონის მიხედვით ხდებიოდა თანხის გადახდა. "მივიტანე ორი ბეჭედი, სამაჯური და საყურე. ხელშეკრულებაში სათითაოდ უნდა ყოფილიყო ყველა ნივთის გრამობა აღნიშნული, თუმცა მოხდა საერთო წონის გამოყვანა და ამის მიხედვით თანხის გადახდა. ამას მაშინ არ მივაქციეთ ყურადღება, თუმცა ახალა ვფიქრობთ, რომ ხელშეკრულებებშიც რაღაც თაღლითობას აქვს ადგილი",-გვითხრა ერთ-ერთმა დაზარალებულმა.
ლომბარდი მეპატრონე დაზიანებულ ნივთებთან დაკავშირებით გვპასუხობს, რომ ეს შესაძლია ტრანსპორტირების დროს შექმნილი პრობლემებიდან გამომდინარეობდეს, რაც მათი მხრიდან აუცილებლად გამოსწორდება.
„ვინაიდან ამ ლომბარდში პროცენტი სხვა ბანკებთან შედარებით დაბალი იყო, გადავწყვიტე მაქ დამეგირავებინა ოქრო. პროცენტს ყოველთვიურად ვიხდით, ანუ როგორც ამას ხელშეკრულება მავალდებულებდა. ახლა ვაპირებ რო მთლიანად გადავიხადო თანხა, თუმცა ვინც გადაიხადა იმას არ დაბრუნებია ძვირფასეულობა. ამბობენ, რომ ფინანსური პრობლემები აქვთ, მაგრამ ამის შესახებ ჩვენ ხომ უნდა ვყოფილიყავით საქმის კურსში? გადავწყვიტეთ რედაქციისთვის მოგვემართა. ჩვენ მხოლოდ იმას ვითხოვთ რეალურად გაგვარკვიონ რა ხდება.“ - გვითხრა ერთ-ერთმა ქალბატონმა.
ლომბბარდის მეპატრონე, ნ.ზ „გურიის მოამბესთან“ საუბარში აცხადებს, რომ კონკრეტულ ლომბარდში ნამდვილად შეიქმნა ფინანსური პრობლემა. „ პირდაპირ გეუბნებით, რომ მიმდინარე თვის ბოლომდე ყველა იმ ადამიანს დაუბრუნდება თავისი კუთვნილი ძვირფასეულობა, რომელიც დაგირავებული აქვს. ამდენი წელია საქმიანობას ვეწევი და ფაქტობრივად, მსგავსი პრობლემის წინაშე არასოდეს დავმდგარვარ, რაც კონკრეტულ მუნიციპალიტეტში შემექმნა. არ ვიცი ეს ოპერატორის ბრალია, თუ სხვა რამ ხდება, მაგრამ ის, რომ კომპიუტერული მონაცემები გადახდილი თანხის სიზუსტეს არ ასახავს, ან სადღაც რაღაც ქრება, კითხვებს აჩენს. არავის არაფერი არ დაეკარგება, უბრალოდ იყო შეფერხება. სულ ამ დროისთვის დარჩენილი ასეთი 25 ადამიანი დანარჩენებს გატანილი აქვთ. “ - აცხადებს ლომბარდის მეპატრონე.
"გურიის მოამბე".
მასალის გამოყენების პირობები