„ღმერთს და წმინდანებს ვთხოვთ შეწევნას რომ აღიკვეთოს ისეთი ტენდენციური ქმედებები, რომელსაც სახალხო დამცველის აპარატი და ზოგიერთი ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაცია ავითარებს. მიზანმიმართულად ხდება ჩვენი რელიგიური გრძნობების დამცრობა, შეურაცხყოფა და უცხო ქვეყნების ინტერესების გატარება ჩვენს ქვეყანაში. მეორე ტენდენცია არის საშიში, რომ ხელიუფლებაში ამ არასამთავრობოების სახით ახალი ხელისუფლება მოვიდა, რომლებიც ქართული სახელმწიფოებრიობის მშენებლობას ხელს უშლიან“- განაცხადა წმინდა მარინეს სახელობის ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა დავით ისაკაძემ.
მმკ-ს მხრიდან წამოსულ ბრალდებას სახალხო დამცველის ოფისში გამოეხმაურნენ. უჩა ნანუაშვილის მოადგილე პაატა ბელთაძე ამბობს, რომ სახალხო დამცველი ყოველთვის ობიექტურობის პრინციპით ხელმძღვანელობს.
"ეს განცხადებები არის გადაჭარბებული. ყველა რელიგიური გაერთიანების პრინციპი ჩვენთვის არის უმიშვნელოვანესი, შესაბამისად ნებისმიერი განცხადება სახალხო დამცველის მხრიდან ამ პრინციპებზე დაყრდნობით კეთდება." - განაცხადა პაატა ბელთაძემ.
შეგახსენებთ, სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ „საანგარიშო პერიოდში კვლავაც მწვავე და სისტემური ხასიათის პრობლემას წარმოადგენდა საჯარო სკოლაში ზოგადი განათლების შესახებ კანონის მოთხოვნების, რელიგიური ნეიტრალიტეტის დაცვისა და დისკრიმინაციულ და შეუწყნარებელ გარემოსთან დაკავშირებული საკითხები. რელიგიური უმცირესობები სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან საუბრებში აცხადებენ, რომ მიუხედავად კანონის მკაფიო მოთხოვნებისა, საჯარო სკოლებში 701 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2015 მოსწავლეები სისტემატურად ხდებიან შეუწყნარებლობისა და დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლნი, ილახება მათი რელიგიის თავისუფლება: მოსწავლეები ორგანიზებულად დაჰყავთ მართლმადიდებლურ ტაძრებში ან სასულიერო პირებს სკოლებში იწვევენ, ხდება მოსწავლეების დალოცვა, ანთებენ სანთლებს, გაკვეთილები იწყება ლოცვით, პედაგოგები დომინანტი რელიგიის უპირატესობას უსვამენ ხაზს, აკნინებენ უმცირესობათა აღმსარებლობას, ეწევიან პროზელიტიზმს, არის ინდოქტრინაციის შემთხვევები და სხვ. რელიგიურ უმცირესობებს მიკუთვნებული მოსწავლეები, რომელთა რწმენას არსებითად ეწინააღმდეგება სხვა რელიგიის რიტუალებში მონაწილეობა, ხშირად იძულებულნი ხდებიან არ გაამჟღავნონ აღმსარებლობა და ნების წინააღმდეგ ჩაებან მსგავს ღონისძიებებში იმ მოტივაციით, რომ ამით უმრავლესობისგან უფრო მეტად გარიყვასა და დისკრიმინაციას აირიდებენ თავიდან. მიუხედავად იმისა, რომ კანონი ასევე კრძალავს საჯარო სკოლის ტერიტორიაზე რელიგიური სიმბოლოების არააკადემიური მიზნით განთავსებას, საკლასო ოთახებსა და ზოგადად, საჯარო სკოლის ტერიტორიაზე კანონის ეს მოთხოვნა, როგორც წესი, არ არის დაცული.“
მასალის გამოყენების პირობები






