დღეს ქალაქ ოზურგეთში, ალ.წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის წინ საქართველოს დამსახურებული არტისტის, მოცეკვავისა და ქორეოგრაფის ომარ ხურციძის ვარსკვალავი გაიხსნა.
საზეიმო ცერემონიალს გურიის მხარის გუბერნატორი გია სალუქვაძე, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ბეგლარ სიორიძე და ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძე ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან და საპატიო სტუმრებთან ერთად დაესწრნენ.
ღონისძიება ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ჯუმბერ დუნდუას სახელობის ქართული ხალხური ცეკვების სახელმწიფო ანსამბლმა ,,გურია“-მ გახსნა.
საზეიმო კონცერტში ომარ ხურციძის აღსაზრდელები, ქალაქ ოზურგეთის ხალხური ცეკვის ანსამბლები, ასევე, სამეგრელოსა და აჭარის ქორეოგრაფიული ანსამბლები მონაწილეობდნენ.
ომარ ხურციძეს ვარსკვლავის გახსნა ცნობილმა მოცეკვავეებმა ომარ მხეიძემ, ფრიდონ სულაბერიძემ, გივი სიხარულიძემ და ქორეოგრაფიული კავშირის სხვა წარმომადგენლებმა მიულოცეს. რამდენიმე სიმღერა ანსამბლებმა ,, ცისფერი ტრიო“ და ,,შვიდკაცა“-მ შეასრულეს.
ომარ ხურციძე ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ ხალხური ცეკვების ანსამბლში 30 წლის განმავლობაში წამყვან სოლისტ მოცეკვავედ ირიცხებოდა და 3500-ზე მეტი კონცერტი ჩაატარა. მინიჭებული აქვს საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება და ღირსების ორდენი.
,,არაჩვეულებრივი დღეა, მოხარული ვარ , რომ დღეს ჩვენს ქალაქში კიდევ ერთი ნიჭიერი ხელოვანის ვარსკვლავი გაიხსნა, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება უნიკალურ ქართულ ხალხურ ქორეოგრაფიას დაუკავშირა. ვულოცავ ბატონ ომარს, დღეგრძელობასა და მხნეობას ვუსურვებ“ - განაცხადა ქალაქის მერმა, ბეგლარ სიორიძემ.
,,დღეს ქართული ცეკვის ზეიმია , ეს ვარსკვლავი დამსახურებულად ეკუთვნის ადამიანს, რომელმაც მართლაც ფასდაუდებელი შრომა გასწია ქართული ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარების საქმეში. ვულოცავ ბატონ ომარს ვარსკვლავის გახსნას“- გურიის მხარის გუბერნატორი გია სალუქვაძე.
ვარსკვლავის გახსნის საზეიმო ცერემონიალს ორგანიზება ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ გაუწია.
მასალის გამოყენების პირობები