სკანდალურად დაწყებული მშენებლობა ჩოხატაურში და ბლოკის ქურდობისთვის დაკავებული ერთი პირი
ჩოხატაურში, ახალი ობიექტის მშენებლობის დაწყება ერთი პირის დაკავების მიზეზი გახდა, ყველაზე დიდი კითხვის ნიშანი კი, კონკრეტულ ამბავში იქ ჩნდება, რომ სამშენებლო სამუშაოები ისე დაიწყო ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენლებმა ტენდერის დასრულებამდე და გამარჯვებულის საბოლოო გამოვლინებამდე დაიწყეს. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაბერეჟოულში, ადმინისტრაციული შენობის ასაშენებლად მიტანილი სამშენებლო მასალა კი, მეორე დღესვე პოლიციის ძალით უკან დააბრუნეს. ე.წ მომარაგებელი კი პასუხისგებაშია მიცემული. წინასწარი ინფორმაციით, დაუსრულებელ ტენდერში "გამარჯვებულმა" სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებმა, სარემონტო სამუშაოები სოფელ დაბლაციხის ერთ-ერთი დაყადაღებული შენობიდან გამოზიდული აგურებით დაიწყეს. როგორც, „გურიის მოამბისთვის“ გახდა ცნობილი, ობიექტზე, სადაც სარემონტო სამუშაოები მოიმდინარეობდა, ერთი საათის შემდეგ პოლიცია მივიდა, მასალა უკან დააბრუნეს, ერთი პირი კი პასუხისგებაში მისცეს. „სამშენებლოდ დაბლაციხიდან მოიტანეს ბლოკი, რომელიც თურმე დაყადაღებული იყო და ისევ უკან წაიღეს. პოლიცია იყო მოსული და შეაჩერეს მშენებლობა. იყო მცირე დაპირისპირება. არავინ არ ვიცით რა მოდა.“ -გვეუბნებიან ადგილობრივები. შპს „ჯორჯიან ბილდინგ კომპანიის წარმომადგენელი“ რომელმაც გამგეობის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მიიღო მონაწილეობა, ამბობს რომ სამშენებლო სამუშაოები ადგილზე ისე დაიწყო, გამგეობას გამარჯვებული კომპანია არც გამოუცხადებია და არც ოფიციალური ხელშეკრულება გაუფორმებია. ავთანდილ კობიძე გვეუბნება, რომ მშენებარე ობიექტზე არც მისი მუშახელი იმყოფებოდა და არც ის იცის, ვინ აწარმოებდა იქ ერთი კვირის განმავლობაში სარემონტო სამუსაოებს. კობიძე გვეუბნება, რომ მას ამის თაობაზე არც გამგებელთან დაუსვამს კითხვა, არ დაინტერესებულა იმის გარკვევითაც, ვინ შევიდა ტერიტორიაზე, მაშინ, როცა ტენდერი ჯერ დასრულებული არ არის. „გამარჯვებული არ გამოვლენილა, ხელშეკრულება არ გვაქვს გაფორმებული, საქმე რომ წინ წასულიყო სამუშაოები დაიწყეს ბიჭებმა, პირველად მესმის რა ბლოკი მიიტანეს, ჩვენ არავისთვის გვითქვამს მუშაობა დაიწყეთო. ან ვიცი ვინ წამოიღო ბლოკი. ხელშეკრულება არ გაფომებულა, არც ის ვიცი მე გავიმარჯვებ, თუ არა. არც იმის ინტერესი გამჩენია, მეკითხა გამგებლისთვის, ვინ შევიდა იმ ტერიტორიაზე და დაიწყო მუშაობა. დანარჩენ კითხვაზე არ გიპასუხებთ“ - აცხადებს კომპანიის ხელმძღვანელი, ავთანდილ კობიძე. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ თავდაპირველად ტენდრში შპს „შენი სტილი“ მონაწილეობდა, რომელმაც მოთხოვნილი დოკუმენტაცია ვერ წარმოადგინა. გამგებლის ირაკლი კუჭავას განცხადებით, რადგან ხელშეკრულება ჯერ გაფორმებული არაა, მუნიციპალიტეტს მშენებარე ობიექტთან არანაირი კავშირი არ აქვს. „აღნიშნულ ობიექტზე ყველაზე დაბალი ფასი ტენდერის დროს, ჩვენ როგორც შემსყიდველს, შემოგვთავაზა შპს „შენი სტილი„ ,რომელმაც ვერ წარმოადგინა მოთხოვნილი დოკუმენტაცია და მიიღო დისკვალიფიკაცია. შესყიდვების კანონმდებლობიდან გამომდინარე გადავედით შემდეგ მონაწილეზე შპს„ჯორჯიან ბილდინგ კომპანი„ , რომელმაც წარმოადგინა ყველა მოთხოვნილი დოკუმენტაცია და იმყოფება ხელშეკრულების გაფორმების სტატუსში. ხაზგასმით ვაცხადებ, რომ ხელშეკრულება ჯერ არ არის გაფორმებული. რაც შეეხება შესყიდვის ობიექტზე მიმდინარე მოქმედებებს, რადგან ხელშეკრულება ჯერ გაფორმებული არ არის, მუნიციპალიტეტთან ამას არანაირი კავშირი არ აქვს“. შსს -ში აცხადებენ, რომ ადგილო ჰქონდა ქურდობის ფაქტს, რაშიც ერთი პირია მხილებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177 მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულიხმობს. სოფელ გორაბერეჟოულში ადმინისტრაციული შენობა რამდენიმე თვის წინ დაიწვა. ახალი ობიექტის მშებელობისთვის მუნიციპალიტეტმა ბიუჯეტიდან 39 ათას 900 ლარი გამოყო. მშენებლობა, რომელიც ერთი კვირის წინ დაიწყო, 4 თვეში უნდა დასრულდეს.
თეა იოსელიანი - გურია
მასალის გამოყენების პირობები