6 აპრილს, 09:00 საათზე, შეხვედრას გახსნიან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი. გახსნის შემდეგ 09:30 საათზე გაიმართება პრესკონფერენცია.
სამუშაო შეხვედრას დაესწრებიან ადგილობრივი ექსპერტები სამთავრობო სექტორიდან და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, კლინიცისტები, საერთაშორისო ექსპერტები, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრების, კომპანია გილეადის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევრაზიის ზიანის შემცირების ქსელის წარმომადგენლები.
აღნიშნული შეხვედრა უკვე მესამე წელია ტრადიციულად იმართება გაზაფხულზე და მის ფარგლებში განიხილება C ჰეპატიტის პრევენციისა და კონტროლის მნიშვნელოვანი საკითხები. 2014 წელს ამ შეხვედრაზე პირველად მოხდა საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის შესაძლებლობის განხილვა. 2015 წლის სამუშაო შეხვედრის მთავარი მიზანი იყო ელიმინაციის პროგრამის გადაუდებელი ღონისძიებების (პირველი ფაზა) გეგმის შემუშავება.
წლევანდელი სამუშაო შეხვედრის მიზანია საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა, როგორიცაა:
1. C ჰეპატიტის სეროპრევალენტობის პოპულაციური კვლევის შედეგები;
2. ელიმინაციის პირველი ფაზის შედეგები;
3. ელიმინაციის გრძელვადიანი სტრატეგია (2016-2020).
სამუშაო შეხვედრა გაიმართება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის საკონფერენციო დარბაზში (მეორე სართული).
მასალის გამოყენების პირობები






