ოქროყანაში, დაავადებული და გამხმარი ხეებისგან გამოთავისუფლებულ ტერიტორიაზე, ტყის აღდგენის პირველი ღონისძიება განხორციელდა. ტყის აღდგენის ღონისძიებების ფარგლებში დღეს 3000 წიწვოვანი და ფოთლოვანი ჯიშის ხე-მცენარე დაირგო. გამწვანების ღონისძიებაში თბილისის მერი დავით ნარმანია, საკრებულოს თავმჯდომარესთან, გიორგი ალიბეგაშვილთან, მერიისა და გამგეობების წარმომადგენლებთან ერთად ჩაერთო.
აღნიშნული ტერიტორია ხეების დაავადებების გავრცელების მხრივ ერთ-ერთ ყველაზე საშიშ კერას წარმოადგენდა. ტყის მასივების ფიტოსანიტარიული მონიტორინგის შედეგად, აქ, არსებული ნარგავების თითქმის 100%-იანი ხმობა იყო დაფიქსირებული. საშიში კერის გაზრდის პრევენციის მიზნით, მხოლოდ ოქროყანაში 10 000 დაავადებული ხე მოიჭრა. ნარჩენებისგან გაწმენდის შემდეგ კი ტერიტორიის ეტაპობრივი გამწვანებით ტყის აღდგენა დაიწყო. გამხმარი ხეებისგან გამოთავისუფლებულ ტერიტორიაზე 10 000 წიწვოვანი და ფოთლოვანი სახეობის ხე-მცენარე დაირგვება.
"2014 წლის ზაფხულში ამ ტერიტორიაზე გაჩენილმა ხანძარმა ტყის გარკვეული ნაწილი გაანადგურა, ასევე დიდი ნაწილი იყო მავნებლებისგან დაზიანებული და გამხმარი. ჩვენ გავასუფთავეთ და გავამწვანეთ ტერიტორია. აქ ჯამში 10 000 ხე დაირგვება. დღეს კი 3000 ნერგი დავრგეთ", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მასალის გამოყენების პირობები






