„შესაძლოა ეს არ იყოს „6 ერის“ ტურნირი, მაგრამ უნდა იყოს რაღაც პირველი იარუსის და მეორე იარუსის გუნდებს შორის. უნდა დავუპირისპირდეთ ისეთ გუნდებს, როგორიცაა იაპონია, კანადა, აშშ, ტონგა და ფიჯი. ჩვენ ჯერ კიდევ პატარა ნაკრები გვაქვს, მაგრამ გვაქვს პოტენციალი. მე დიდ პატივს ვცემ მეორე იარუსის გუნდებს, მაგრამ დღეს ჩვენ ეს აღარაფერს გვაძლევს“- აცხადებს მამუკა გორგოძე.
ქართველი მორაგბე იტალიის ნაკრების კაპიტანი სერხიო პარისეს განცხადებასაც გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით , რომ საქართველოს ადგილი „6 ერში“ არაა
„შესაძლოა, ჩვენ ექვს ერში სათამაშოდ მზად არ ვართ, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია გითხრათ: საქართველო უელსისგან 70 ქულას არ მიიღებს. ჩვენ რომ ამ ტურნირში 17 წელი გვეთამაშა, ბევრად დიდი პროგრესი გვექნებოდა, ვიდრე იტალიას აქვს. იტალიის ნაკრები კარგი გუნდია, ძლიერი მოთამაშეებით, რომლებიც მთელი გულით თამაშობენ... თუ ასე დარწმუნებულები არიან საკუთარ უპირატესობაში, დაგვიმტკიცონ ეს მოედანზე. შედგეს მატჩი ექვსი ერის ბოლოადგილოსანსა და ერთა თასის გამარჯვებულს შორის და ვნახოთ, რა შედეგს მივირებთ.“- აღნიშნა გორგოძემ.
მამუკა გორგოძემ მის ტულონელ თანაგუნდელებზე და საკუთარ პოპულარობაზეც ისაუბრა:
„მე ვარსკვლავი არ ვარ, მე ვიზრდებოდი იმ ბიჭების თამაშის ყურებით, ვისთანაც ერთად ახლა ვთამაშობ. მე პატივს ვცემ ამ მოთამაშეებს, მაგრამ არ მყავს კუმირი. მე მათ პატივისცემით „ვარსკვლავებს“ ვუწოდებ, მაგრამ არ ვბაძავ არც მოედანზე და არც მოედნის გარეთ. მე ჩემი მანერა მაქვს, მე საკმაოდ დიდი ხანია ვთამაშობ იმისთვის, რომ ვიცოდე წინ როგორ წავიდე. ძალიან კმაყოფილი და ამაყი ვარ იმ ყურადღებით რაც ჩემს მიმართ იყო მსოფლიო ჩემპიონატზე და აქაც, საფრანგეთში. მაგრამ მე ეს არ მცვლის. თუ ჩემზე ლაპარაკობენ, ეს კარგია, მაგრამ ამან არ უნდა შეცვალოს ადამიანი. მე ისეთივე ვრჩები, როგორიც 17-18 წლის ვიყავი.“- აცხადებს გორგოძე.
მამუკა გორგოძემ ინტერვიუში საქართველოში რაგბის მზარდ პოპულარობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რაგბი მალე საქართველოს ნომერ პირველი სპორტი გახდება:
„ჩვენ კარგი ფეხბურთელები გვყავს, მაგრამ ისინი თამაშებს აგებენ და სტადიონზეც ხალხი იტალიის და საფრანგეთის სანახავად დადის... ჩვენთან პირიქით, როდესაც ჩვენ რუმინეთის წინააღმდეგ ვთამაშობთ, გულშემატკივრები ჩვენი გულისთვის მოდიან. ჩვენს ბოლო თამაშზე 55 000 ადამიანი იყო თბილისის სტადიონზე. ახლაც მბურძგლავს, წარმოიდგინეთ 55 ათასი ადამიანი, გადავსებული სტადიონი B დონის გუნდების თამაშზე. ადრეც გვყოლია ბევრი გულშემატკივარი, მაგრამ ძირითადად რუსეთის წინაარმდეგ თამაშის დროს. მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ხალხი სტადიონზე რაგბისთვის მოდის, რაგბის კლუბებში ჩაწერის მსურველები 37%-ით გაიზარდა. საქართველოში რაგბი მალე ნომერ პირველი სპორტი გახდება."- აცხადებს მამუკა გორგოძე.
მომზადებულია rugbyrama.fr- ის მიხედვით.
ნინო ზედგენიძე
მასალის გამოყენების პირობები