შეკვეთილში მიმდინარე "ასწლოვანი ტიტას" ნაპირზე გადმოტანის სამუშაოები ძლიერი ღელვის გამო შეფერხებულია. ამის შესახებ "გურიის მოამბეს" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება.
მისი ინფორმაციით, ღელვის გამო ვერ ხერხდება ბარჟამდე (რომელზედაც განთავსებულია ხე) ზღვაში მისასვლელი გზის დასრულება, სპეცტექნიკით ჩატანილ ქვიშას ზღვის ტალღები რეცხავენ, რის გამოც, შესაძლოა დღეს დაგეგმილი ხის ნაპირზე გადმოტანის ოპერაცია ვერ დასრულდეს.
ღელვა ამინდის მცირედით გაუარესებას მოჰყვა, როგორც სინოპტიკოსები ვარაუდობენ შესაძლოა ამინდი კიდევ უფრო გაუარესდეს რაც შეუძლებელს გახდის ხის ნაპირზე გადმოტანას, ამიტომ შავი ზღვის სანაპირო კურორტ შეკვეთილში, ექს პრემიერ ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან მომუშავე პერსონალი მაქსიმალურად ცდილობს ყველაფერი სასწრაფოდ, დღესვე დასრულდეს, თუმცა, ეს, ზემოთნახსენებ მიზეზთა გამო ნაკლებ სავარაუდოა.
ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნული ხე ქობულეთის რაიონის სოფელ ციხისძირის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოაჩინა და საკუთარი პარკისათვის შეიძინა.
მისი ტრანსპორტირება, ზღვით, ციხისძირიდან შეკვეთილამდე სამი დღის წინ დასრულდა.
სამი დღეა მუშა პერსონალი და ხის ტრანსპორტირებასა და შეძენაზე დაქირავებული შუამავალი კომპანია ამაოდ ცდილობენ შეკვეთილის ნაპირიდან 50 მეტრი მოშორებით, ქვიშაზე "შემჯდარი" ბარჯადან გიგანტური ხის გადმოტანას.
ხე, მის კონსტრუქციასთან ერთად დაახლოებით 740 ტონას იწონის.
წყარო: გურიის მოამბე
მასალის გამოყენების პირობები






