დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს შეხვედრას სტუდენტური თვითმმართველობა გეგმავს. ისინი საბჭოს რამდენიმე პუნქტიან დოკუმენტს წარუდგენენ, სადაც დაასაბუთებენ იმას, თუ რატომ ითხოვენ რექტორის გადადგომას.
როგორც თვითმმართველობაში აცხადებენ, ვლადიმერ პაპავა დაკისრებულ მოვალეობებს სათანადოდ ვერ ასრულებს. ისინი კანონდარღვევაზეც საუბრობენ.
„უნდა შევხვდეთ და მივაწოდოთ ოფიციალური დოკუმენტაცია, ანუ 16 მარტის ოქმში მათ ჩაწერეს, რომ რეალურად იმპიჩმენტის განხილვის პროცედურა არის დაწყებული და 18 მარტს გვითხრეს, რომ წარმოგვედგინა ოფიციალური დოკუმენტაცია, რის საფუძველზე ვითხოვდით რექტორის გადადგომას. არის რამდენიმე საფუძველი, ერთი არის კანონდარღვევა, „ოდეერის“ ინსტიტუტის არსებობის გათვალსიწინებით და მეორე, ჯეროვნად უფლებამოსილების შესრულების საკითხი“, - განაცხადა შალვა საბაურმა.
ისინი დღეს შეეცდებიან გაარკვიონ რას გეგმავს აკადემიური საბჭო რექტორის იმპიჩმენტთან დაკავშირებით. როგორც აკადემიური საბჭოს ერთ-ერთი წევრი აცხადებს, იმპიჩმენტი არ არის მარტივი პროცედურა და ის შესაძლოა დროში გაიწელოს.
მასალის გამოყენების პირობები






