რიგის ზოოპარკი ერთ-ერთი პირველი გამოეხმაურა თბილისის ზოოპარკის კოლექციის ცხოველებით შევსების ინიციატივას. რიგის დუმამ მათი ტრანსპორტირებისთვის 15,000 ევრო გამოყო. კოლექციის შევსების გეგმა თბილისის ზოოპარკში „ევროპის ზოოპარკებისა და აკვარიუმების ასოციაციის“ (EAZA) მენტორთან ერთად მომზადდა. პირველი ეტაპისთვის შეირჩა ცხოველები, რომელთა ვოლიერების მშენებლობაც არსებულ ტერიტორიაზე მინიმალური დანახარჯითაა შესაძლებელი.
„თბილისის ზოოპარკი „ევროპის ზოოპარკებისა და აკვარიუმების ასოციაციის“ წევრობის კანდიდატია. EAZA-ს ყოველწლიურ კონფერენციაზე ჩვენი დელეგაციის თხოვნას კოლექციის შევსებასთან დაკავშირებით, მსოფლიოს მრავალი ზოოპარკი გამოეხმაურა. საზოგადოებას ახალი ცხოველების ჩამოყვანას გაზაფხულზე დავპირდით და სიტყვა შევასრულეთ. ახლო მომავალში ზოოპარკს კიდევ ბევრი საინტერესო ცხოველი შეემატება, ასე რომ, ველით დამთვალიერებლებს“, _ აცხადებს თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე.
შემდეგ ეტაპზე თბილისის ზოოპარკი ჰამადრილებს, მაკაკებს, მანგუსტებს, კოატებს, მაჩვზღარბებს, ვალაბებს, ტაპირებსა და სხვა ცხოველებს ელოდება ანტვერპენის, ამერსფორტის, დუისბურგის, უიპსნეიდის, იზმირის, იერუსალიმისა და სხვა ზოოპარკებისგან. სრულდება პრიმატების კონცეპტუალურად ახალი ტიპის ვოლიერების მშენებლობა. თითქმის დამთავრებულია ვალაბებისა და ტაპირების ახალი ვოლიერი.
თბილისის ზოოპარკის დამთვალიერებლები თუთიყუშების მონახულებას 19 მარტიდან, ხოლო ჩლიქოსნების ნახვას 22 მარტიდან შეძლებენ.

მასალის გამოყენების პირობები






