ნატახტარმა დააჯილდოვა 2014/2015 წლების სეზონის საქართველოს საუკეთესო მწვრთნელი ლევან მაისაშვილი [ლელო-სარასენსი] და საქართველოს შიდა პირველობის (რომელსაც ახლა დიდი 10 ეწოდება) საუკეთესო მორაგბე ლაშა ხმალაძე [ლელო-სარასენსი]. ისინი საუკეთესოები 2013/2014 წლების სეზონის შემდეგაც გახდნენ. საუკეთესო ქალ მორაგბედ ანა პოღასიანი აღიარეს. კუთვნილი ჯილდოები 2,5 თვის დაგვიანებით მიიღეს გასული სეზონის საქართველოს საუკეთესო მელელოვე ირაკლი გეგენავამ [ყოჩები, 10 ლელო] და საუკეთესო მექულე თემურ სოხაძემ [ყოჩები, 203 ქულა].
ტრადიციულად, დასახელდა საქართველოს ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრებიც, რომელიც ასე გამოიყურება: 15. ბექა წიკლაური [ლოკომოტივი], 14. ირაკლი გეგენავა [ყოჩები], 13. გიორგი ფრუიძე [აია], 12. თორნიკე ცერცვაძე [ლელო-სარასენსი], 11. სანდრო თოდუა [ლელო-სარასენსი], 10. ლაშა ხმალაძე [ლელო-სარასენსი], 9. ვასილ ლობჟანიძე [არმაზი]; 1. ბაჩანა გოგიშვილი [ყოჩები], 2. გიორგი ლომთაძე [ლელო-სარასენსი], 3. დავით გურგენაძე [არმია], 4. მიხეილ არჩუაშვილი [ყოჩები], 5. სანდრო ქოიავა [ლელო-სარასენსი], 6. გიორგი თხილაიშვილი [ბათუმი], 7. დავით ლოსაბერიძე [აია], 8. ნიკა ჩხიკვაძე [ყოჩები].
სპეციალური პრიზი - რაგბის პოპულარიზაციისთვის რაგბის დაუღალავმა ენთუზიასტმა და ჟურნალისტმა ლევან ჯობამ მიიღო, რომელიც შარშან, მთელი წლის განმავლობაში, ყოველ შაბათ-კვირას სოფელ-სოფელ დადიოდა და უმეტესად მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებ ბავშვებს რაგბის აზიარებდა.
მანამდე ტრადიციულად იყო საქართველოს ჩემპიონატის პრიზიორების დაჯილდოება - „ყოჩები“ [III ადგილი], „ლოკომოტივი“ [II ადგილი] და „ლელო-სარასენსი“ [ჩემპიონი]. ასევე დაჯილდოვდნენ პირველი ლიგის გამარჯვებული „აკადემია“ და დუბლშემადგენლობის გათამაშების მომგები „ლელო-სარასენსი“. ასევე ტრადიციისამებრ, დაჯილდოვდნენ ის ვეტერანები, რომელთაც 2015 წელს მრგვალი თარიღი ჰქონდათ - 70, 60, ან 50 წელი შეუსრულდათ და რა თქმა უნდა პატივი მიაგეს გასულ წელიწადში გარდაცვლილ ვეტერან მორაგბეებს.
მასალის გამოყენების პირობები