თსუ-ში გუშინ გვიან ღამით აკადემიური საბჭოს სხდომა ჩატარდა, რომესაც რექტორიც ესწრებოდა. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სხდომაზე რექტორის იმპიჩმენტის საკითხი უნდა განეხილათ. შეხვედრის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მთავარი განსახილველი თემა უნივერსიტეტში ამ დროისათვის არსებული ვითარება და გიორგი გაფრინდაშვილის საკითხი გახლდათ.
სხდომის დასრულების შემდეგ ვლადიმერ პაპავამ ჟურნალისტებისთვის კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ გადადგომას არ აპირებს, რადგან ასეთი გადაწყვეტილება უნივერსიტეტს ჩიხში შეიყვანს:
„სამოქმედო გეგმა იქნება სტუდენტებთან დიალოგი, წინააღმდეგ შემთხვევაში უნივერსიტეტი შევა ჩიხში, იმიტომ, რომ საკანონმდებლო ბაზა არის დაუხვეწავი. რექტორის გადადგომა იწვევს კიდევ უფრო დიდ ჩიხს, ვიდრე დღეს არის უნივერსიტეტში“, - განაცხადა ვლადიმერ პაპავამ.
გიორგი გაფრინდაშვილმა გუშინ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა, სტუდენტები ამ გადაწყვეტილების მიღებას 5 დღის განმავლობაში მოითხოვდნენ. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ კი თსუ-ს თვითმმართველობის წევრებმა და მათმა მხარდამჭერებმა რექტორის იმპიჩმენტი მოითხოვეს.
დაძაბული ვითარება იყო გუშინ ღამით თსუ-ში, დაპირისპირება მოხდა სტუდენტებსა და დაცვის სამსახურს შორის. ასევე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ადგილზე მყოფ ჟურნალისტებს ახალგაზრდების გარკვეულმა ჯგუფმა, რომლებსაც სახე დაფარული ჰქონდათ, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
სტუდენტები აღნიშნული ფაქტის გამოძიებასა და თვითმმართველობის ლიდერების გადადგომას მოითხოვენ.
მასალის გამოყენების პირობები






