თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში ორი აქცია მიმდინარეობს.
ერთ აქციას ატარებენ ის სტუდენტები, რომლებიც აპროტესტებენ გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურას, მის დანიშვნას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თავმჯდომარედ და მოითხოვენ უნივერსიტეტში „ოდეერის“ ინსტიტუტის არსებობის ფაქტის გამოძებას.
კონტრ აქციას კი ატარებენ ის ახალგაზრდები, რომლებიც გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურას მხარს უჭერენ.
სტუდენტებს შორის ჯერჯერობით არავითარ დაპირისპირებას არ ჰქონია ადგილი. აქციებს ერთმანეთისგან დაცვის სამსახურის კორდონი ყოფს. ადგილზე საპატრულო პოლიციაც არის მობილიზებული.
„როდესაც უნივერსიტეტში არის აზრის თავისუფალი გამოხატულება, ეს არის ნორმალური პროცესი. მე ვფიქრობ, რომ უნივერსიტეტი არ უნდა ამოვარდეს სამართლებრივი ჩარჩოდან. თუ გაფრინდაშვილი აკადემიურ საბჭოსთან შეხვედრის შემდეგ არ მოხსნის თავის კანდიდატურას, ერთადერთი საშუალება იქნება სენატის სხდომის ჩატარება“, - განაცხადა თსუ-ს რექტორმა, ვლადიმერ პაპავამ.
მასალის გამოყენების პირობები






