კიევში "კანონიერი ქურდი" გოჩა ჯინჭარაძე (ყურშა) დააკავეს. ამის შესახებ კიევის პოლიცია ავრცელებს. ჯინჭარაძე უკრაინის ტერიტორიაზე კახიძის გვარით იმყოფებოდა. იგი უკრაინის დედაქალაქსა და მის შემოგარენში საკუთარი გავლენის მოპოვებასა და განვრცობას ცდილობდა. ჯინჭარაძეს უკრაინის ხელისუფლებისაგან ქვეყნის ტერიტორიაზე 2017 წლის სექტემბრამდე შემოსვლა აკრძალული ჰქონდა. სამართალდამცავების განცხადებით ჯინჯიხაძეს საქართველოში დეპორტი ელოდება.
ისინი აღნიშნავენ, რომ საკმაოდ რთულია დამტკიცდეს უკრაინის ტერიტორიაზე ჩადენილ დანაშაულებებში "ყურშას" მონაწილეობის საკითხი. შესაბამისად, იგი ვერ გასამართლდება უკრაინის კანონებით.
აღსანიშნავია, რომ უკრაინის რადაში უკვე შესულია კანონპროექტი "კანონიერი ქურდების" შესახებ, რომელიც საქართველოში მიღებული კანონის ანალოგია. უკრაინელი სამართალდამცავები მის მიღებას მოუთმენლად ელიან.
"ჩვენ იმედი გვაქვს, რომ უკრაინის რადა მალე მიიღებს ამ კანონს. თავიდან ევროპარლამენტმა უარყოფითად შეაფასა საქართველოში მიღებული კანონი, მაგრამ მალე დარწმუნდნენ, რომ ეს აუცილებელი იყო. ამ კანონმა დააჩქარა "კანონიერი ქურდების" საქართველოდან მიგრაცია და ამ ქვეყანაში დამნაშავეთა სამყარო მართვის გარეშე დარჩა და დასუსტდა. იგივე უნდა მოხდეს ჩვენთანაც, რადას მიერ კანონის მიღების შემდეგ ჩვენ ხელფეხი გაგვეხსნება და სამართალდამცავები მიიღებენ ძალაუფლებას და მკაცრად გავაკონტროლებთ ორგანიზებულ დანაშაულს," - აცხადებს ვადიმ ტროიანი, უკრაინის ნაციონალური პოლიციის უფროსის მოადგილე.
მასალის გამოყენების პირობები