იუნა შაფათავა: „დიახ, მექვაბიშვილი ჩემი ყოფილი ქმარია და ამას ვერ გავექცევით, მას 2008 წლის 30 ნოემბერს დავშორდი. დოკუმენტების მოძიება საჯარო რეესტრში მარტივად შეიძლება."
- დაშორების მიზეზი მისი მხრიდან ძალადობა ხომ არ ყოფილა, აგრესიით ხომ არ გამოირჩეოდა?
- ჩემი და ლევანის დამოკიდებულება პირადი საქმეა და მას არავითარი შემხებლობა არ აქვს პეტრიაშვილის დაჭრასთან. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, ლევანი ძალიან მიყვარდა და ვუყვარდი. დაშორების მიზეზი ჩემი პირადი საქმეა. ის არის ძალიან კარგი ადამიანი, კარგი სპორტსმენია, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, რამდენჯერმე საქართველოს ჩემპიონი გახდა მძიმე წონაში. ის საქართველოს მსოფლიო ჩემპიონატზეც წარმოადგენდა. ერთი რაღაცა მინდა გარკვევით დაწეროთ - პეტრიაშვილი დღეს ცოცხალია, თუ შენ გინდა ადამიანის მოკვლა, იარაღი გაქვს ხელში - მოკლავ. ალექსი კი ცოცხალია, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს. პეტრიაშვილი ფეხზეა, ლაპარაკობს და ცოცხალია.
- ლევან მექვაბიშვილი თქვენ ავტობიოგრაფიულ წიგნში შეყვანილი გყავთ?
- ჩემ წიგნს ამ საქმესთან არავითარი შეხება არ აქვს. ჩვენი ურთიერთობა არის ჩვენი პირადი...
- თქვენ თქვენი ცხოვრების შტრიხები წიგნში გადმოეცით და საჯარო გახადეთ, სწორედ ამიტომ გეკითხებით... ლევანი ის კაცია, ვიზეც თქვენ წერთ, რომ ნარკომანი იყო...
- ლევანს ერთი "კანფეტიც" კი არ აქვს ნაჭამი, ალკოჰოლური სასმელიც კი არასდროს მიუღია. ნარკოტიკის წინააღმდეგი იყო.
- როგორ გგონიათ, რატომ დაჭრა მექვაბიშვილმა ალექსი პეტრიაშვილი, რა იყო მოტივი?
- 8 წელია დაშორებული ვარ, მასთან კონტაქტი არ მქონია, თუმცა დავახასიათებ, როგორც ძალიან კარგ მეგობარს, ერთგულ ადამიანს, კარგ სპორტსმენს. ის იყო ჩემი საყვარელი მამაკაცი. თუმცა ადამიანები იცვლებიან.
ცნობისთვის, ალექსი პეტრიაშვილზე განხორციელებულ თავდასხმაში ბრალდებულ ლევან მექვაბიშვილს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლემ გადაწყვეტილება ბრალდებულის მიმალვის ან მის მიერ გამოძიებისთვის ხელის შეშლის საშიშროებით ახსნა.
პროკურატურა მექვაბიშვილისთვის პატიმრობის, დაცვის მხარე კი 15 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.
ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმაში ბრალდებული ლევან მექვაბიშვილი ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს.
ბრალდებულის ადვოკატი აღნიშნავს, რომ სამართალდამცველებმა დააკავეს მექვაბიშვილის ბიძა ლევან გუნია და მისი მეგობარი გელა კალანდია, რომელთანაც მექვაბიშვილი იმალებოდა.
რაც შეეხება ალექსი პეტრიაშვილს, ის საავადმყოფოდან უკვე გამოწერეს. "თავისუფალი დემოკრატების" გენერალურმა მდივანმა თავდასხმის მოტივზე არ ისაუბრა, თუმცა თქვა, რომ დაკავებულთან არანაირი შეხება არ ჰქონია.
მისი თქმით, საქმე არ იქნება გამოძიებული, ვიდრე არ იქნება დაკავებული დამკვეთი და მეორე შემსრულებელი.
ვინ არის ბრალდებული ლევან მექვაბიშვილი?
ლევან მექვაბიშვილი 2-ჯერ არის ნასამართლევი, ბოლოს ის 2011 წელს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის პოლიციამ ოგანიზებული დანაშაულებივი ჯგუფის წევრებთან ერთად სავალუტო-ჯიხურებისა და ლომბარდების ძარცვისთვის დააკავა.
დავით ჯაბაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






