1 მარტს კემეროვოს კოლონიიდან, სასჯელის ვადის ამოწურვის გამო განთავისუფლდა 41 წლის ე.წ. კანონიერი ქურდი ჯემალ მიქელაძე, მეტსახელად ჯემო. თუმცა, მისი თავისუფლება ხანმოკლე აღმოჩნდა - კოლონიის გარეთ იგი კვლავ დააკავეს და მისი საქმე კემეროვოს სასამართლოს გადასცეს განსახილველად.
როგორც ცნობილია, მიქელაძე ერთერთ საკვანძო ფიგურად ითვლება ქურდულ კლანებს შორის არსებულ კონფლიქტში. სწორედ მას უკავშირებენ ცნობილი "დედ ჰასანის" მკვლელობის ისტორიას - უსოიანი ჯემოს მოსკოვში საიდუმლო ჩამოსვლიდან 2 კვირაში მოკლეს, რამაც ამ ჭორებს დაუდო საფუძველი. კიდევ ორი კვირის გასვლის შემდეგ მიქელაძე პოლიციამ თავის ქალაქგარეთ არსებულ რეზიდენციაში იარაღის შენახვის გამო დააკავა.
მიქელაძეს წინააღმდეგ 2 სასამართლო პროცესი გაიმართა და საბოლოოდ მას 3 წელი მიუსაჯეს. "დედ ჰასანის" მკვლელობის ორგანიზება მას, ცხადია, ვერ დაუმტკიცდა, თუმცა, სავარაუდოდ, ამ მიზეზით, ციხეში, 2014 წლის 2 მაისს, იგი სასტიკად სცემეს ვაგიფმა და ზვიადმა - ორმა ,,კანონიერმა ქურდმა", რომლებიც იმ დროს სასჯელს იხდიდნენ. რადგან ჯემო ცოცხალი გადარჩა, ეს იმის აღმნიშვნელია, რომ იგი ვერ "გატეხეს" და ჰასანის მკვლელობა ვერ აღიარებინეს.
ამავე დროს, ევროპაში, კერძოდ იტალიაში მიქელაძის რამდენიმე მომხრე დააკავეს, ორგანიზებული დანაშაულის ჯგუფის ჩამოყალიბების მუხლით, რაშიც ჯემო მიქელაძეც იყო გარეული. სასამართლომ მიქელაძეს დაუსწრებლად 15 წელი მიუსაჯა და მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადა. ამ დროს მის მეგობრებს წრიპას, ჩხვინდის და სხვებს, რომლებიც სასამართლო დარბაზში იმყოფებოდნენ - მხოლოდ 3 ან 4 წელი.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის კოლონიაში ყოფნისას, მიქელაძეს ქვეყნის მოქალაქეობა ჩამოართვეს და იგი სამუდამოდ "პერსონა ნონ გრატად" გამოაცხადეს. სწორედ ეს "აცნობეს" მიქელაძეს, რომელიც ელოდებოდა, რომ მას თურქეთში გაუკეთებდნენ დეპორტაციას, მაგრამ, როგორც ჩანს, კემეროვოს სასამართლო მას უფრო მძიმე ხვედრს არგუნებს - იტალიაში დეპორტაციას და 15 წელი იქაურ ციხეში გატარებას.
მასალის გამოყენების პირობები