"ეკლესია გმობს და ემიჯნება ყველაგვარ ძალადობრივ ქმედებას. რა თქმა უნდა, ეკლესია არ ყოფილა ჩართული ამ საკითხის მოგვარებაში. აქ საქმე ეხებოდა სასაფლაოს საკითხს. მუსლიმი მოსახლეობა ითხოვდა ცალკე სასაფლაოს გამოყოფას, მართლმადიდებელი მოსახლეობა წინააღმდეგი იყო, რომ ცალკე სასაფლაო გამოყოფილიყო და ამაზე მიდიოდა დიალოგი, კამათი. როგორც ვიცი, ეს გარკვეული ხანია გრძელდება. თითქოს მიღწეული იყო კიდეც რაღაც შეთანხმებები და გარკვეულ თანხმობაზე იყვნენ გასული. მაგრამ გუშინ, არ ვიცი ვინ, მაგრამ გარკვეული ადამიანების ჯგუფებმა მოახდინეს პროვოკაცია და ამ პროვოკაციის შედეგად მოხდა დაპირისპირება. ძალიან სამწუხაროა ეს და მინდა მოვუწოდო, მივმართო სამართალდამცველ ორგანოებს. ვიცი, რომ საქმეა აღძრული ამასთან დაკავშირებით, მაგრამ მინდა მივმართო, არა მხოლოდ ეს კონკრეტული დაპირისპირება გამოიძიონ, არამედ ის პროვოკაციებიც, რამაც გამოიწვია ასეთი დაპირისპირება, რათა ჩვენ შემდგომში თავიდან ავიცილოთ მსგავსი პრობლემები და მსგავსი ვითარება"- განაცხადა ჭუაძემ. მიტროპოლიტმა მუსლიმ და მართლმადიდებელ მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ პროვოკატორებს არ უნდა მიეცეთ საშუალება დაძაბონ ურთიერთობა მართლმადიდებლებსა და მუსლიმებს შორის
"უნდა განიმუხტოს სიტუაცია. დამშვიდდნენ, დაწყნარდნენ, დაბრუნდნენ სახლებში და დაუბრუნდნენ ჩვეულებრივი ცხოვრების რიტმს. შემდგომ, გამოვარჩიოთ სოფლის როგორც მართლმადიდებელი, ისე მუსლიმი მოსახლეობიდან რამდენიმე ადამიანი, ჩავერთვებით ჩვენ, ეპარქიის წარმომადგენლობაც, ჩაერთოს სამუფტო, ასევე სახელმწიფოს წარმომადგენლები, დავსხდეთ ერთად და მშვიდ და წყნარ ვითარებაში შევეცადოთ, მოვძებნოთ გამოსავალი და მაქსიმალურად შევეცადოთ, არ მივცეთ პროვოკატორებს იმის საშუალება, რომ დაძაბონ ურთიერთობა მართლმადიდებლებსა და მუსლიმებს შორის. ჩვენ ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს მუსლიმური მრევლის წინამძღვრებთან, მუფტებთან. ვთანამშრომლობთ სხვადასხვა საკითხში. ახლაც ვესაუბრე ჯავახეთის მუფტს და ვფიქრობთ, რომ ჩვენ ერთობლივი ძალებით შევძლებთ, რაღაცნაირად სიმშვიდე შევიტანოთ სოფლის მოსახლეობაში", - აღნიშნა ჭუაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






