ჟურნალისტი პოლიტიკოსის დაჭრაში სოსო დოლიძის სახელის წამოწევას სწორედ ჩხარტიშვილს უკავშირებს და ამბობს, რომ ჩხარტიშვილი დოლიძის განეიტრალებას სწორედ ამ მეთოდით ცდილობს.
"არ გამოვრიცხავ, რომ ბუკა პეტრიაშვილის დაჭრის დამკვეთი ვანო ჩხარტიშვილია. იმდენად რამდენადაც, მის წინააღმდეგ დაწყებული სასამართლო პროცესების გამო ჩხარტიშვილი ჩიხში შევიდა. მას წამოწყებული აქვს შპს „აგრიკომთან" სასამართლო დავა. ამ საქმის მოსამართლის - ჩხარტიშვილის ჯიბის მოსამართლის, (რომელიც სრულიად უპრეცედენტო გადაწყვეტილებებს იღებდა) წინააღმდეგ პროკურატურაში საჩივარი შევიდა და ჩემი ინფორმაციით გამოძიებაც დაიწყო.
ამასთან შეგახსენებთ იმ ფაქტს, რომ ჩხარტიშვილმა სასამართლო დავა წააგო ბადრი პატარკაციშვილის ოჯახთანაც. მას 65 000 000 დოლარის გადახდა დაეკისრა. შესაბამისად, ჩხარტიშვილს ისღა დარჩენია, რომ მსგავსი შავი პიარის მეშვეობით ჩამოიშოროს მთავარი მოწინააღმდეგე, რომელიც ხელს უშლის ფოთის პორტის მითვისებაში"- აღნიშნა ელისო კილაძემ.
ჟურნალისტი ყოფილი მინისტრის დაჭრაში სოსო დოლიძის მონაწილეობას გამორიცხავს.
"ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის პირველივე დღეს სოსო დოლიძის სახელის დაკავშირება დაიწყეს. ყველაფერი თეთრი ძაფითაა შეკერილი, დოლიძეს აფექტის მდგომარეობაშიც კი არ უფიქრია მსგავსი გადაწყვეტილების მიღება. მოვუწოდებ ყველა ჩემს კოლეგას თავი დაანებონ პირად ცხოვრებაში ქექვას და პირადი მოტივების ძებნას იქ, სადაც საუბარია კრიმინალზე და პოლიტიკური პარტიის ლიდერის დაჭრაზე"- განუცხადა "ნიუპოსტს" ელისო კილაძემ.
მასალის გამოყენების პირობები