გუშინ ღამით ლანჩხუთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი ახალგაზრდა ბიჭის ახლობლები "გურიის მოამბესთან" პირველ კომენტარს აკეთებენ.
როგორც ისინი ყვებიან, მომხდარში უშიშროების მაღალჩინოსანი ფიგურირებს და შესაძლოა გამოძიება კვალის დაფარვაზე მუშაობდეს:
"მოხდა ავარია გარდაცვლილია ახალგაზრდა ბიჭი. ვიცით, რომ მომხდარში დამნაშავეები არიან უშიშროების თანამშრომლები, გვეუბნებიან რომ მძღოლი დაჭერილია. ვინაიდან, დიდი თანამდებობის პირია, არ მოხდეს საქმის ჩაფარცხვა, ესაა ჩვენი მოთხოვნა. სამართლიანობა აღსდგეს მხოლოდ, ადგილზევე მოკლეს ახალგაზრდა ბიჭი, ერთი წუთით არ უცოცხლია. რა სიჩქარით მიდიოდა ასეთი რომ ჭიშკართან მოკლა ბიჭი. იქნებ სინდისიერი გამოჩნდეს ვინმე და აღიაროს დანაშაული.“ - გვეუბნება გარდაცვლილის დეიდა მერი ზოიძე.
„სადაც ეს ამბავი მოხდა მესამე შემთხვევაა ეს. გზა არ ვარგა აქ, მხოლოდ მაშინ იყრიან თავს პოლიციელები როცა რამე ხდება. ეზო არ არსებონს მანქანა, რომ არ იყოს შენავარდნი. ახლა ახალგაზრდა ბიჭი მოკლა, რამდენიმე თვის წინ, მასწავლებელი ქალი. ხომ უნდა იყოს მინიშნება რამე, რომ ქუჩის განათება არაა. რამდენჯერმე ვესაუბრეთ ამ პრობლემის შესახებ ხელისუფლებას, თუმცა ყურადღება არავის არ მოუქცევია. ამ უგზოობის გამო იყო შემთხვევა, ტრაილერიც კი შევარდა ეზოში, დააქცია ხალხს. ძლივს გამოასწრენ სახლიდან და არავითარი დახმარება არ მიუღიათ“. - აცხადებს ოჯახის ერთ-ერთი ახლობელი.
"გურიის მოამბესთან" არაოფიციალურ საუბრებში გარდაცვლილის მეზობლები გვიყვებიან, რომ ავტომანქანაში მსხდომები, არაადექვატურად იქცეოდნენ და მომხდარში გარდაცვლილის დადანაშაულებას ცდილობდნენ, რაც ადგილობრივებსა და მანქანაში მსხდომებს შორის, ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი გახდა:
"უხეშად მოიხსენიეს გარდაცვლილი, ფაქტიურად ცდილობდნენ ეს ბიჭი დაედანაშაულებინათ, თავად შემოგვივარდა საბურავებშიო. ისე ლაპარაკობდნენ, ვეღარ მოვითმინეთ და ფიზიკურ შეხლა-შემოხლასაც ჰქონდა ადგილ. ერთ-ერთს მაშინ ამოუვარდა ქურთუკის ჯიბიდან სამსახურებრივი მოწმობა. უშიშროების თანამშრომელი იყო"- განაცხადა გარდაცვლილის ახლობელმა.
როგორც "გურიის მოამბეს" შ.ს.ს-დან აცნობეს, სუფსაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, გამოძიება დაწყებულია, თუმცა დაკავებული ჯერ-ჯერობით არავინ არ არის.
რაც შეეხება სასწრაფოს დაგვიანებასთან დაკავშირებით გამოთქმულ პრეტენზიას, ლანჩხუთის სასწრაფო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გოგიტიძის თქმით „სასწრაფოს“ გამოძახება ლანჩხუთის შემთხვევაზე მოხდა 18:14 წუთზე, ბრიგადა დაუყოვნებლივ გავიდა ლანჩხუთიდან 18:16 წუთზე, 18:35 წუთზე იყო შემთხვევის ადგილზე. ეს ის დროა, რაც სჭირდებოდათ გზის იმ მონაკვეთის გასავლელად. სამწუხაროდ, ახალგაზრდა უკვე გარდაცვლილი დახვდათ. "იმ წამებშიც რომ ადგილზე ყოფილიყო სასწრაფო დახმარების ბრიგადა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდებოდა, მიღებული ტრამვები სიცოცხლესთან აბსოლუტურად შეუსაბამო იყო"- აცხადებს სასწრაფო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი.
ავტორი: გურიის მოამბე
მასალის გამოყენების პირობები






