ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანში გუშინ დასუფთავების აქცია ამავე სოფლის მაჟორიტარი დეპუტატის, ბესიკ ტაბიძის ინიციატივით მოეწყო.
ეს "გურიის მოამბესთან" საუბარში თავად ტაბიძემ დაუდასტრა.
ამავე სოფლის საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებაში დეპუტატმა არც მეტი, არც ნაკლები ბაღის აღმზრდელები და ტექნიკურ პერსონალი ჩართო.
ეს მაშინ ხდებოდა, როცა სასწავლო პროცესი დასრულებული ჯერ კიდევ არ იყო.
"გურიის მოამბესთან" რამდენიმე ადგილობრივი და ფაქტის უშუალო თვითმხილველი ჰყვება, რომ ბავშვები ამ დროს ოთახებში ფაქტიურად უყურადღებოდ იყვნენ მიტოვებულები.
თუ რატომ ჩათვალა დეპუტატმა საჭიროდ, რომ დაბინძურებული ტერიტორიის გაწმენდა არ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებისთვის, არამედ ბაღის პერსონალისთვის დაევალებინა, "გურიის მოამბე" ამის თაობაზე თავად დეპუტატს დაუკავშირდა: "ეს იყო ჩემი იდეა, მახლდა რწმუნებულიც. საშინელ მდგომარეობაში იყო ის ტერიტორია, დაბინძურებული, გამოვიყვანეთ ბაღის თანამშრომლები და გავწმინდეთ. იქ იყო ჭაობი, 250 მანქანა ხრეში დავყარე, მინდა ხეივანი გავაშენო. საშინელი სიბინძურე იყო და მინდოდა გამეწმინდა. 17 ტომარა ნაგავი გავიტანეთ იქედან ხელდახელ, ნარჩენები, ბოთლები.
- დასუფთავების სამსახურს რატომ არ დაუკავშირდით და არ სთხოვეთ იქედან ნაგვის გატანა?
- რა ხდება იცით? არ დავურეკე, შემეძლო რომ პირადად მომეგვარებინა. ცენტრალური გზა ყოველთვის ასუფთავებენ. მე ტრასის მიღმა ტერიტორია უნდა გამეწმინდა. არ არის პრობლემა. ადრე აქცია ჩავატარე და სკოლა გამოვიყვანე, სოფლის ცენტრი დავასუფთავეთ. ყველაფერს ვიღებთ ერთად. ამას ხედავს გამვლლელ-გამომვლელი და ისინიც ისწავლიან, აიღებენ მაგალითს და აღარ დაყრიან ნაგავს.
- სასწავლო პროცესის მიმდინარეობის დროს რომ ხდებოდა ეს ყველაფერი, ბავშვების უსაფრთხოებაზე ამ დროს ვის უნდა ეზრუნა?
- არ იყო ასე, ახლა ვინმეს რამე თუ უნდა და ამიტომ ლაპარაკობს არ ვიცი. გასაგებია, მაგრამ თუ კი რამე დანაშაული მაქვს იმის გამო, რომ მუსორი და ჯანდაბა ავიღე, ვაგებ მაგაზე პასუხს.
აქვს თუ არა ინფორმაცია ლანჩხუთის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელს დავით წულაძეს და როგორ აპირებს კონკრეტულ ფაქტზე რეაგირებას, "გურიის მოამბე" ამ კითხვაზე პასუხის მიღებას შეეცადა. წულაძე გვეუბნება, რომ ახლა აპირებს ნიგვზიანის ბაღში მისვლას, თუმცა მომხდარის შესახებ როგორც გვეუბნება ინფორმაცია არა აქვს:
"ახლა მივდივარ მაგ ბაღში. არავითარ შემთხვევაში სასწავლო პროცესის მიმდინარეობის დროს არ შეიძლებოდა მასწავლებლების გარეთ გამოყვანა. შაბათ-კვირას ვისაც რა უნდა ის გააკეთოს. ამ საკითხს დავაყენებ საკრებულოს სხდომაზე.
- უნდა დაერეკა თუ არა თქვენთვის ბაღის მენეჯერს და ეცნობინებინა, რომ სასწავლო პროცესი ამ მიზეზით იშლებოდა?
- აუცილებლად და ის აგებს ამაზე პასუხს. მე ყველა ორშაბათს მაქვს თათბირი და იქ მოუწევს ყველას პასუხის გაცემა.
თეა იოსელიანი - გურია
მასალის გამოყენების პირობები






