„ეს ხალხი აგრძელებს კრიმინალური იდეოლოგიის გავრცელებასა და ფორმირებას. მათ კონტროლქვეშაა რამდენიმე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლებიც მოქმედებენ სატრანსპორტო საშუალებათა ქურდობის, ნარკობიზნესის, პროსტიტუციისა და თაღლითობის მიმართულებით. პირველ ეტაპზე, ჩვენი მთავარი ამოცანა მათთვის ეკონომიკური საფუძვლის გამოცლაა,“ - განაცხადა მან.
იაკუნინის ინფორმაციით, 2015 მოსკოვში დააკავეს და ციხეში მოათავსეს 10 კანონიერი ქურდი. რამდენიმე მათგანი დაკავებულია 2016-შიც.
მისი განცხადების საპასუხოდ ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ქალაქში რამოდენიმე ათეული კანონიერი ქურდი მუდმივად ცხოვრობს, ხოლო დროგამოშვებით კიდევ 15-მდე ქურდი ჩამოდის და უკან მიდის, შესაბამისად, ისინი სვამენ კითხვას, შესაძლებელი იქნება თუ არა, რომ ქალაქი რეალურად გაიწმინდოს „დამნაშავეთა სამყაროს გენერლებისაგან“?
ამ თემაზე საუბრობს საინფორმაციო სააგენტო „პრაიმკრაიმ.რუ-ს“ რედაქტორი ალექსანდრე ივანოვი (ეს ამ ადამიანის რეალური სახელი და გვარი არაა, სააგენტოს ყველა თანამშრომელი, გასაგები მიზეზებით მალავს რეალურ ვინაობას). ეს სააგენტო ათ წელზე მეტია ავრცელებს ინფორმაციებს ქურდული სამყაროს შესახებ, აქვეყნებს მასალებს „სხოდკების“, „ქურდად კურთხევის“ და სხვა საკმაოდ კონფიდენციალური საკითხების შესახებ.
ივანოვი პირდაპირ საუბრობს, თუ რას წარმოადგენს მოსკოვის ქურდული სამყარო.
„სანამ ქურდული სამყარო არსებობს, იარსებებს იერარქია მის წევრებს შორის. შესაბამისად „კანონიერი ქურდები“ ძალაუფლების მწვერვალზე არიან, მათ საკმაოდ რეალური გავლენა აქვთ და არამარტო დამნაშავეთა შორის,“ - აცხადებს ივანოვი.
მისი თქმით, რუსეთში ე.წ. „ქურდული კანონები“ ჯერ კიდევ 20-ე საუკუნის დასაწყისში წარმოიშვა და განვითარება ოქტომბრის რევოლუციისა და ე.წ. „ნეპის“ პერიოდში ჰპოვა. ყველაზე კარდინალური ცვლილება მის იდეოლოგიასა და კანონებში 1980-იანების ბოლოს დაიწყო. ე.წ. „კავკასიელებმა“ ალღო აუღეს პოლიტიკურ ცვლილებებს და მაფიური ხასიათის ქმედებები შემოიტანეს ძველი ფორმაციის ქურდულ სამყაროში - მათ დაიწყეს ბიზნესწრეების „დაბეგვრა“ რითაც მეორე პლანზე გადავიდა, ასე ვთქვათ, „პატიოსანი ქურდული შემოსავალი“.
„ადრე ბიზნესის „დაკრიშვა“, რეკეტი, პროსტიტუციისთვის ხელის შეწყობა და მისგან ხელის მოთბობა და მსგავსი ქმედება სამარცხვინო იყო ქურდებისათვის. ახლა არაფერზე არ ამბობენ უარს, ყველაფერი მისაღებია რასაც შემოსავალი მოაქვს. დღევანდელი „კანონიერ ქურდებს“ არაფერი აქვთ საერთო 50-60 წლის წინანდელ ქურდებთან“. არც გარდაცვლილი იაპონჩიკი და დედ ჰასანი იყვნენ „ძველი ფორმაციის“ ქურდები. პირიქით, მათ შეძლება „ახალი ტალღის“ დამფუძნებლებიც კი უწოდო. სწორედ მათ დააყენეს ქურდობა კომერციულ რელსებზე. დედ ჰასანმა ყველაფერს თავისი „ფასი“ დაადო, ხოლო იაპონჩიკი არტისტული ფიგურა იყო, იგი მეგობრობდა საბჭოეთის კინოს, ესტრადისა და ხელოვნების სხვა დარგების წარმომადგენლებთან, რითაც ამ დარგის კრიმინალიზაციაც კი მოახდინა. მას ტელეკამერებთან გამოჩენაც უყვარდა და ასე ვთქვათ პიარსაც კარგად აკეთებდა. დედ ჰასანი ამისგან შორს იყო და ასე ვთქვათ, მასზე მეტად იყო გავლენიანი „ქურდულ სამყაროში“, აცხადებს პრაიმკრაიმის მთავარი რედაქტორი.
იგი აღნიშნავს, რომ „კავკასიელები“ დღესაც აკონტროლებენ მოსკოვს და მხოლოდ 7-მდე ე.წ. „სლავი ქურდი“ ინაწილებენ „დედაქალაქში გამომცხვარი ტორტის“ მცირე ნაწილს. მისი თქმით, „ქურდულ სამყაროში“ დღეს არც ომია და არც მშვიდობა.
„დღეს რეალურად ომი ორ მთავარ დაჯგუფებას შორის იმიტომ არ არის, რომ მოქმედი 530 ქურდიდან დიდი უმრავლესობა საზღვარგარეთისა თუ ადგილობრივ ციხეებში იხდის სასჯელს. ქვეყანაშიც და რა თქმა უნდა დედაქალაქშიც, შაქრო მოლოდოი ცდილობს კრიმინალურ სამყაროში წესრიგის დამყარებას. აღსანიშნავია, რომ ომი, რომელიც დედ ჰასანისა და ტარიელ ონიანის დაჯგუფებებს შორის მიმდინარეობდა, სწორედ მისი დაპატიმრების დროს დაიწყო და ე.წ. მოჩვენებითი მშვიდობაც სწორედ მისი რუსეთში დაბრუნების შემდეგ ჩაწყნარდა,“ - აცხადებს ივანოვი.
ჟურნალისტის კითხვაზე, მართალია თუ არა ის ფაქტი, რომ „კანონიერ ქურდთა“ უმრავლესობა ძალოვანი სტრუქტურების მიერ არიან დავერბოვკებული, „პრაიმკრაიმის“ რედაქტორი აცხადებს, რომ ეს გარკვეულწილად სიმართლეს შეესაბამება.
„მოსკოვი, მსოფლიოში ერთერთიყველაზე ძვირი ქალაქია. ქურდებს, იმისთვის რომ დედაქალაქში მშვიდად იცხოვრონ, ჩვეულებრივ მოქალაქეზე 3-4-ჯერ მეტის დახარჯვა უწევთ. რა თქმა უნდა თითოეულ მათგანზე ძალოვნებს საკმაო კომპრომატი აქვს. თანაც, დღეს მსგავსი „თანამშრომლობა“ არცთუისე დიდ ნაკლად ითვლება, რასაც „სამშობლოს სიყვარულით“ ამართლებენ, რადა ამას მერკანტილური და საკუთარი უსაფრთხოების შენარჩუნების ინტერესი უდევს საფუძვლად.
მოსკოვის პოლიციის სურვილს, დედაქალაქი „ქურდული გენერლებისგან“ გაწმინდოს, საკმაოდ რთულად ასასრულებლად თვლის მეორე ექსპერტი, სსრკ-ს შსს ორგანიზაციულ დანაშაულთან მებრძოლი განყოფილების ყოფილი უფროსი (1988-91 წ.წ.) გენერალ-ლეიტენანტი ალექსანდრე გუროვი. მისი აზრით, მოსკოვის სმართალდამცავთა ეს განცხადება გააზრებული და ოპერატიული მასალებით გამაგრებულია, თუმცა მისი განხორციელება დიდ სირთულეებს უკავშირდება.
„მთავარი, რასაც დღევანდელი ქურდული სამყარო ეფუძნება, არის კორუფცია. ქურდები უკვე კარგა ხანია იყენებენ „მოქრთამვის“ მეთოდს და ამისთვის სახსრებს არ ზოგავენ. ამაში „ობშიაკის“ მესამედის გამოყენება ხდება. 90-იანებში კრიმინალი მჭიდროდ გადაეჯაჭვა ხელისუფლებას. დღეს ეს შემცირებულია, მაგრამ სისტემა დარჩა. „კანონიერი ქურდები“ როგორც წესი თავისი ხელით დანაშაულს არ სჩადიან. მეტიც, მათი უმეტესობა ლეგალურ საქმიანობას ეწევა. მათ წინააღმდეგ ჩვენებას არავინ მიცემს. არავინ დაასახელებს მათ ორგანიზატორებად. ამასთან, „კრიმინალური გენერლების“ უმრავლესობა მსხვილ ბიზნეს ობიექტებს და საწარმოებს ფლობს, რომლებიც სხვა პირებზეა რეგისტრირებული. მათგან დიდი ფული არამარტო მათ ჯიბეში, არამედ „ობშიაკშიც“ მიდის. როგორ მოახერხებს პოლიცია ამ ძლიერი ეკონომიკური სისტემიუს შერყევას თუ კანონის მუხლებს პირნათლად დაიცავს? ეს რთული იურიდიული საკითხია. ასე, რომ შესაძლოა ისინი მოაცილო დედაქალაქს, ქვეყნასაც კი, მაგრამ მათი ბიზნესი, რომლებთანაც ისინი დოკუმენტალურად კავშირში არ არიან, დარჩება,“ - აცხადებს ექსპერტი.
მასალის გამოყენების პირობები