მომღერალმა, ნინა წკრიალაშვილმა სხვადასხვა ღირებულებების გადაფასება 38 წლის ასაკში დაიწყო და შესაბამისად ბევრი რამ შეცვალა როგორც საკუთარ ცხოვრებაში, ასევე სხვასთან მიმართებაში. ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ ამ ყველაფრის შემდეგ თავს გაცილებით კომფორტულად გრძნობს და მშვიდად ცხოვრებაც ისწავლა.
„აღარ ვაკეთებ იმას, რაც არ მსიამოვნებს, მხოლოდ იმას ვაკეთებ, რაც ან მჭირდება, ან მსიამოვნებს. საკუთარ თავთან აბსოლუტური ჰარმონია მაქვს. მე მგონია, დავჭკვიანდი, ბევრი მძინავს, ბევრს ვმოგზაურობ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ბევრი ვიმოგზაურო, ეს ყველაფერზე მეტად მიყვარს. 2 თვეში ერთხელ სადმე რომ არ წავიდე, არ არსებობს. საბედნიეროდ, ევროპაში ბევრი მეგობარი მყავს. აქედან ხშირად მარტოც მივდივარ და მათთან ჩავდივარ... ძალიან მიყვარს ჩემი ცხოვრება თავისი სისულელეებით, შეცდომებით და ბევრი სწორი, თამამი ნაბიჯით, ბევრი რისკითაც. შეცდომები ადამიანს გამოცდილებას და იმის საშუალებას აძლევს, რომ ცხოვრებაში იგივე არ გაიმეოროს. ვისაც ძალიან მარტივი ცხოვრება აქვს, ის პიროვნულად ვერ იზრდება. ტკივილი პიროვნულად გზრდის.“ „სარკესთან“ ინტერვიუში ნინამ ასევე იმ თემაზეც ისაუბრა რომ მარტოა და ეს დისკომფორტს სულაც არ უქმნის, პირიქით, ნერვებს არავინ უშლის: „თავისუფალი კაცები ვინც არიან, მათ ბევრი რაღაც ეშლებათ და ნახევრად შემდგარ ურთიერთობას მირჩევნია, საერთოდ არ მქონდეს. თავს მარტოც ძალიან კარგად ვგრძნობ. ნერვებს მაინც არავინ მიშლის და სად ხარო, არ მეკითხება. მოკლედ, თავისუფლებაზე კარგი არაფერია. ვეცდები, ბოლომდე არასდროს შევიბოჭო. ჩემი უფლებაა ვიყო ბედნიერი, თავისუფალი და ა.შ. თუ შემხვდება ადამიანი, ვისთანაც 100% იდილიას ვიგრძნობ, პრობლემა არ არის, დავუთმობ საკუთარ ცხოვრებასაც კი, მაგრამ ასეთები არ არიან და რა ვქნა. ბევრი ეტაპი გავიარე, ახლა ან ძალიან იდეალური ურთიერთობა მინდა, ან საერთოდ არ მინდა. დამიჯერეთ, თუ მომინდება, მარტო არასდროს დავრჩები“- ამბობს ნინა წკრიალაშვილი ინტერვიუში.
მასალის გამოყენების პირობები